გუშინ ჯემალამ მკითხა, "რას ფიქრობო, შენო ვაფშეო, აფხაზეთის თემაზეო, შეჩემაო, ვაფშეო მანდო რა მოხდაო". "რავი"-თქო და რაღაც გაუგებარი ვუპასუხე. თან ვუთხარი, არ მაქვს საკმარისი ცოდნა ამ თემაზე თქო. მერე დავფიქრდი.

ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაზე დავწერე წინა პოსტი, რამდენიმე თვის წინ. მაგის მერე მინდოდა რაღაცეების დაწერა კიდე, მარა, როგორც ჩანს, საკმარისად არა. ამ ორ-სამ თვიანი ვაკუუმის დროს ყველაზე მეტად ისეთ კონკრეტულ რაღაცაზე მეფიქრებოდა, რაც ყველა თანამედროვე ქართველ მოაზროვნე ტიპს გაუფიქრია, მაგრამ მერე მიმხვდარა, რომ თვითონ მხოლოდ ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა და მიუგდია. 

საუბარი ეხება იმას, რომ საქართველოს უახლესი ისტორია - დაახლოებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - არის სრულიად გაუგებარი და ბურუსით მოცული. ყოველშემთხვევაში, ეს ჩემთვის ნამდვილად ასეა. ქართული კოლექტიური ცნობიერება, ჩემი აზრით, იზიარებს არა მხოლოდ "სახინკლის ინციდენტის" მეხსიერებას, არამედ კონკრეტულ განცდას, რომ რაღაც ფაქტები ისტორიიდან (განსაკუთრებით თანამედროვე ან უახლესი ისტორიიდან) ყველამ უნდა ვიცოდეთ. სინამდვილეში კი, კარგად რომ ჩავუყვეთ ამ წარმოდგენას ან განცდას, აღმოვაჩენთ, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი, ზედაპირული და ხშირად რადიკალურად განსხვავებული აზრი ამა თუ იმ თემაზე. საბოლოო ჯამში, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხდება ისე, რომ მართლა თუ გაინტერესებს რაღაც ვერავის ვერ ენდობი. მაგალითად, საშუალო ქართველ ტიპს რომ კითხო რუსეთ-საქართველოს ომი 2008-ში ვინ დაიწყო, რადიკალურად განსხვავებულ პასუხებს მიიღებ. ვიღაც გეტყვის, რომ რუსეთმა დაიწყო, ვიღაც გეტყვის, რომ მიშამ დაიწყო (საქართველომ არა, ოღონდ, მიშამ) და ვიღაც გეტყვის "კაი ახლა, ეგ როგორ არ იცი შეჩემა." ხოლო რა მოხდა, ვერავინ აგიხსნის. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, აი ეს უკანასკნელი პასუხი "კაი ახლა, ეგ როგორ არ იცი შეჩემა", არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაზიანებელი რაღაც ჩვენს ყოფიერებაში და მაგის ჩაანალიზება მინდა ზუსტად ამ პოსტით.

ზოგადად, ისტორია იმიტომ არის ყველაზე საინტერესო რაღაც, რომ ბევრნაირი ინტერპრეტაციის "პრასვეტს" გაძლევს ნებისმიერი ფაქტი, სულ რომ ბოლომდე დაზუსტებული და კარგად ნაცნობი იყოს. მაგალითად, დავით აღმაშენებელმა, ვთქვათ, ჩამოასახლა ათასობით ყივჩაღი საქართველოში, ბაზარი არაა, მაგრამ რატომ გააკეთა ეს? რა უძღვოდა წინ მის ამ გადაწყვეტილებას? რა შედეგი მოიტანა ამან? ამ კითხვებზე პასუხის პოვნის პროცესი ხდის ისტორიას საინტერესო საგნად/დარგად და არა მხოლოდ რაღაც წლების დაზეპირების პრაქტიკად. ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ხდება მხოლოდ კონკრეტული ისტორიული მაგალითებიდან აზრის გამოტანა და წარსულში დაშვებული შეცდომების მინიმუმ არგამეორება და მაქსიმუმ გამოსწორება და მათგან სწავლა. ისტორიის ცოდნა, სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ, ამიტომაა საჭირო.

პასუხი "კაი, ახლა, ეგ როგორ არ იცი შეჩემა", მეორეს მხრივ, არის ყველაზე საზიზღარი და საფრთხის შემცველი რაღაც სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესს - ისტორიიდან/კონკრეტული ფაქტებიდან აზრის გამოტანას - დასაწყისშივე უთხრის ძირს. ეს პასუხი საშუალებას პრაქტიკულად არ გაძლევს, რომ ცოდნა მართლა მოიპოვო და რაღაც დედააზრი გამოიტანო კონკრეტული თემებიდან.  აფხაზეთის ომის გარშემო ამიტომ დგას, ჩემი აზრით, საკმაოდ სქელი ბურუსი, განსაკუთრებით იმ თაობაში, რომელიც ამ ომს ვერ მოესწრო. რა თქმა უნდა, ომის მიზეზების, მსვლელობის და შედეგების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კომპლექსური ისტორიული ფაქტების გაანალიზება ურთულესი საქმეა და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამ რთულ საქმეზე უარის თქმა ფრაზით "კაი, ეგ როგორ არ იცი" არის ბევრად უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე რაღაც ფაქტის არასწორად ცოდნა.

იგივე შეიძლება ითქვას, შორს რომ არ წავიდეთ, "ნაცების" მთელ არსებობაზე და მოღვაწეობაზე. მე, ტიპს, რომელიც ხუთი წლის ვიყავი 2007 წელს და არ მქონდა პოლიტიკური პროცესების გააზრების უნარი, არ უნდა მიპასუხო "კაი, შეჩემა, ეგ როგორ არ იცი", მაშინ, როცა, მაგალითად, მაინტერესებს, თუ რა დააშავა კეზერაშვილმა.  განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ იცი რა დააშავა. არ შეიძლება მეტის გაგების სურვილი კომპლექსურ თემებზე, რასაც, ვთქვათ, ერთი კონკრეტული ახსნა არ აქვს, ძირშივე მოსპო და ამით, თან, შენი ცოდნით თავი იჯერო და გაიმარიაჟო. ხშირად, როცა ჩავეკითხები ხოლმე "კაი, შეჩემა, ეგ როგორ არ იცი" ტიპებს, რაღაც სრულიად აბსურდს მიპასუხებენ, ხოლმე და გამოდის, რომ მათაც არ აქვთ ნორმალურად გააზრებული ესა თუ ის თემა და რომ მათი ცოდნა, სინამდვილეში ზედაპირული, ჭორებზე დაყრდნობილი და უხარისხოა. უხარისხო ცოდნა კი პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როცა მის გამოყენებას მნიშვნელოვან, რეალურ და პრაქტიკულ საქმეებში გეგმავ. მაგალითად, აფხაზეთის ომის შესახებ დღევანდელი კოლექტიური ცოდნა არის უხარისხო და დიდწილად ჭორებზე დაყრდნობილი. ეს პრობლემატური გახდება მაშინ, როცა აფხაზეთის შემორიგება-არშემორიგების დრო მოვა. ისტორიის კონფლიქტური ინტერპრეტაციებით წარმატებული და საფუძვლიანი ეროვნული პროექტი კი, რა თქმა უნდა, არ შედგება. ცალკე საკითხია, საიდან მოვიდა "კაი შეჩემა, ეგ როგორ არ იცი". ამის პასუხი, როგორც ბევრი სხვა რაღაცის პასუხი საბჭოთა სისტემით, მედიის არაკომპეტენტურობით, ჩვენი სიზარმაცით, პესიმიზმით, პოლიტიკისადმი უნდობლობითი და სხვა კლიშეებით აიხსნება. მთავარია, მოხდეს იმის გაანალიზება, რომ ჩვენ სამუდამოდ ვერ გადავაბრალებთ ჩვენს უმეცრებას ამ რაღაცეებს. 

ამიტომ, ერთ-ერთი რამ, რაზეც ფიქრი არ უნდა შეგვეშინდეს, არის იმ ცოდნაზე მუდმივად მუშაობა, რაც მუდმივი და ზუსტი გვგონია. ეს რთული რაღაცაა და შეჩვევას საჭიროებს. უნდა გავიგოთ, რომ ყველა ადმიანი ინდივიდუალურია, მოდის განსხვავებული სოციო-კულტურული ბექგრაუნდიდან და ყველა მათგანს გასხვავებული ინტერპრეტაცია აქვს ამა თუ იმ ფაქტზე (ან საერთოდ არ აქვს ჩამოყალიბებული ცოდნა, რაც სავსებით ნორმალურია). დისკუსია, აზრთა მიმოცვლა, ნდობა, ლოგიკა და რაციონალურობა ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად უმნიშვნელოვანესია, ხოლო ამ პროცესებისთვის ხელშეშლა საკუთარი თავის მნიშვნელოვნად წარმოსაჩენად ან სხვა მიზეზისთვის, ტეხავს, სხვა თუ არაფერი. 

ჯემალ, ძმაო, შენს კითხვაზე, "აფხაზეთში რა მოხდა", გისურვებ, არავინ გიპასუხოს, "კაი ახლა, შეჩემა, ეგ როგორ არ იცი".

6

New Comment
2 comments, sorted by Click to highlight new comments since: Today at 4:23 AM

საერთოდ ბევრ ასპექტში ვართ ასე. ბავშვობიდან ვეჩვევით, თუნდაც ანეკდოტების სახით, რომ არსებობს რაღაც მარადიული და უსასრულო სიმართლე ქართულ სამყაროზე რომელიც ყველამ იცის, ანუ გურული რა ტიპია და კახელი, და პოლიტიკას და ისტორიასაც იგივე სტილში განვიხილავთ :დ

"ზოგადი ცოდნის" რაოდენობის და ამ ზოგადი ცოდნის მატარებელი ადამიანების რაოდენობის შეფარდება ჩვენთან ალბათ ყველაზე მაღალია დედამიწაზე :დ საოცრებაა