სახინკლეში ხარ მეგობრებთან ერთად. ფული ბევრი არ გაქვს, მაგრამ არც გჭირდება ბევრი ფული. ოთხნი ხართ და ძალიან არ გშიათ. ორმოცი ხინკალი, ორი ქაბაბი, კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით და ერთი ხაჭაპური გაქვთ შეკვეთილი, ოთხ ჩამოსასხმელ ლუდთან ერთად. "სჯობს მოგვრჩეს, ვიდრე დაგვაკლდეს" ფილოსოფიით ხართ სახინკლეში წასულები. სახინკლეში ხართ და არა რესტორანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სახინკლეში რაც უფრო მეტ კერძს უკვეთავ, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ არ იყოს გემრიელი, ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა დარჩე ხინკალთან და მის შემოგარენ მეორეხარისხოვან კერძებთან. რესტორანში ხინკალი მხოლოდ ერთ-ერთი კერძია და არა მთავარი. სახინკლეში იმიტომ წამოხვედით რომ ხინკალი გინდათ. ქალაქური აიღეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მთიულური მარტო მთიულეთში იჭმევა. რახან სახინკლეში ხართ, არ ელოდებით, რომ ხინკალს რაღაც განსაკუთრებული გემო ექნება. სხვადასხვა სახინკლეების ხინკალი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ყველას შედარებით თხელი ცომი აქვს და იდეალურზე ოდნავ უფრო მეტი მწვანილი. ყველა გაყინული ხორცით კეთდება. ვერცერთ მათგანს ვერ შეაქებენ "მასტერშეფში". მაგრამ ეს ყველაფერი იცი და არ გაინტერესებს. შენ სახინკლეში რა კონკრეტული მოლოდინითაც მიდიხარ, ზუსტად ის მოლოდონი დაგიკმაყოფილდება. სახინკლის ხინკალი სახინკლის ხინკალია.

ხინკლის შეკვეთიდან რაღაც მომენტში აანალიზებ, რომ უკვე დიდი ხანია რაც ხინკალს ელოდები, სადღაც ოცი წუთი მაინც. სინამდვილეში, ეს ხინკლის მოსამზადებლად არც ისე დიდი დროა, მაგრამ ქაბაბი, სალათი და ხაჭაპური უკვე მოიტანეს. ესეც სახინკლის თავისებური თვისებაა. ხინკალი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის ყველაზე ბოლოს მოდის. მანამდე, ნახევარი საჭმელ-სასმელი შესანსლულია. ლოდინისგან იღლები - ბოლო-ბოლო, ხინკლის საჭმელად ხარ მოსული და ხინკალს "აგვიანდება". შენი ოთხკაციანი სუფრა კონცენტრაციას კარგავს. ზოგს ტელეფონი აქვს ამოღებული, ზოგი სახინკლის ტელევიზორში გაშვებულ გუშინდელ ჩოგბურთის თამაშს უყურებს. კარგი თამაში მაინც იყოს, შენც დაგაინტერესებდა. საათზე მოუსვენრად იხედები. გაფაციცებით აკვირდები სიტუაციას. სახინკლეა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა იმისა, რომ ყველა სხვა მაგიდა უკვე ჭამს ხინკალს. მიმტან გოგონას აჩერებ, სამზარეულოსკენ ხელში უკვე შვიდი სხვადასხვანაირი ჭურჭელით რომ მიდის და შეკვეთილი ხინკლის სტატუსზე ეკითხები. "ვიკითხავ და გეტყვით" - გპასუხობს მიმტანი გოგონა. გულის სიღრმეში იცი, რომ არ იკითხავს. საერთოდაც, მაგრად კიდია კონკრეტულად შენი ხინკალი, ისედაც მთელი დღეა მუშაობს და ძალიან დაღლილია. ამის მიუხედავად, მაინც გიღიმის და იმედს გაძლევს. იმედმოცემული იღებ ჩანგალს და შენ თეფშზე დარჩენილ მეორეხარისხოვანი კერძების ნამცეცებით თამაშს იწყებ. ყველაფრის ბოლომდე შეჭმა ხინკლის მოსვლამდე არაა რეკომენდირებული, მერე კუჭი იღლება. გადის კიდევ რამდენიმე წუთი. შენმა მეგობრებმა ძლივს რაღაც დისკუსიაში შემოსვლა გადაწყვიტეს. თემა - სპორტი. ან ფილმები. ან, რატომღაც, სხვა, უკეთესი "ზავიძენიები". ხინკლის ლოდინმა ყველა გაგაგიჟათ - სად არის, მაგის დედა ვატირე, თქვენი შეკვეთილი ხინკალი? ყველა ამაზე ფიქრობთ. 

უცებ, არსაიდან, მომღიმარი მიმტანი გოგონა თქვენი მაგიდისკენ მოემართება. ორივე ხელში ცხელ-ცხელი ხინკლებით გავსებული დიდი თეფშები უჭირავს, ორთქლი რომ ასდის ისეთი. თვალებს ვერ უჯერებ. შენს მეგობრებს ანიშნებ, რომ თეფშები გაათავისუფლონ - თქვენი დრო დგება. ძლივს, საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, ხინკალი მოდის. მიმტან გოგონას თვალებში უყურებ და თან უნებლიეთ გეღიმება. მიმტანი გოგონაც თვალებში შემოგციცინებს - აი, მომაქვს ხინკალიო, განიშნებს. შენკენ მოდის და ნერწყვიც იმატებს. ხინკალი უკვე საოცრად ახლოსაა შენს მაგიდასთან. მაგრამ, ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმეს განა? ბოლო მომენტში, ზუსტად მაშინ, როცა გეგონა მიმტანი გოგონა ხინკლით სავსე თეფშებს წინ დაგიწყობდა, ის გეზს იცვლის და ხინკლის გარეშე გტოვებს. თურმე, არ ყოფილა შენი შეკვეთა. არ ყოფილა თქვენი შეკვეთა. თავს განადგურებულად გრძნობ და არ გინდა იმის დაჯერება, რაც ამწამს მოხდა. მაგიდაზე სრული ქაოსი ისადგურებს და ყველა დემორალიზებულია. ამისდა მიუხედავად, სამყარო არც ისეთი საზიზღარია, როგორც ეს იმ მომენტში გგონია: მიმტანი გოგონას დამაბნეველი და გულის გამტეხავი მანევრის შემდეგ, სხვა, შენთვის სრულიად ახალი მიმტანი ზუსტად იგივე მანერებით მოემართება შენსკენ. მას ხელში ზუსტად ისევე უჭირავს ცხელ-ცხელი ხინკალი, როგორც წინა გოგონას. კიდევ ერთ იმედგაცრუებას შენი გული ვეღარ გადაიტანს. ან ახლა ან არასოდეს.

ახალი მიმტანი შენს და შენს მეგობრებს მხსნელად გევლინება. ის არის პრომეთე, ხოლო ხინკალი - ცეცხლი. ორივე თეფშს ძლივს-ძლივობით აწყობს მაგიდაზე და ამბობს: "გემრიელად მიირთვით". თქვენ გაიმარჯვეთ. სადაცაა თვალზე ცრემლი გადგება. ხინკლის სუნი ცხვირის ნესტოებში გიღიტინებს და ხასიათზე მოყავხარ. მიმტანი ორმაგად საუცხოო ადამიანია, რადგან მეორეხარისხოვანი კერძებით დასვრილ თეფშებს უსიტყვოდ, თვალის დახამხამებაში გიცვლით. პილპილის დროა. "მოვაყარო?" - ეკითხები შენებს. "ამას არა," - გპასუხობს ის ტიპი, ვინც ხინკალს პილპილის გარეშე ჭამს და მასთან ახლომყოფ თეფშზე მიგითითებს. პილპილი წამებში მოყრილია. ახლა თეფშების შეჯანჯღარებაღა დარჩა, ერთ-ერთი ყველაზე დელიკატურად აგრესიული საქციელი კულინარიის ისტორიაში, რომელიც ხინკლების არჩაცომებას და ერთმანეთზე არმიკრობას უზრუნველყობს. კარგად შეჯანჯღარება თეფშზე არსებული ხინკლების თანთალის კონსისტენციით იზომება. ამჯერად, მშვნიერი შეჯანჯღარება გამოვიდა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ ხინკლის დიდიდან პატარა თეფშზე გადაღება. ორი ერთად უნდა გადაიღო - სანამ ერთს ჭამ, მეორე ცივდება. ბონ აპეტიტ. მიეძალე. ხინკალს ხელში იღებ, თან გწვავს, მაგრამ არ აიგნორებ. ოდნავ კბეჩ, რომ ცომში ჰაერის შესაბერი ხვრელი გააჩინო. წვენი პირს გთუთქავს. ამისთვის ნამდვილად ღირდა ლოდინი. 

"სახინკლის ინციდენტი" ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ის, რატომღაც, ჩვენ ეროვნულ, კოლექტიურ ქვეცნობიერში მედგრადაა ჩაბეჭდილი და მისი იქიდან ამოგლეჯა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ, რაც არუნდა ეგზისტენციალურად დამაკმაყოფილებელი იყოს ის, სოფელი მსგავსი ტრივიალური იდენტობის მანიფესტაციებით ვერ აშენდება. ნამდვილი იდენტობა ბევრად უფრო ღრმად უნდა წავიდეს. მასში უნდა მოხდეს ფუნდამენტურად სწორი და გამოსადეგარი იდეების და ღირებულებების ასახვა. ზუსტად რისი, ეს შედარებით რთული სათქმელია, დიდწილად იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიომ დაიწყო ნაციონალური იდენტობების უფრო გასაგებად ჩამოყალიბება, ჩვენი ჩრდილოელი კოლონიზატორი მას გვიზღუდავდა. ვცადეთ და "მამული, ენა, სარწმუნოება" ამოვიჩემეთ, რომელიც მე-19 საუკუნისთვის საკმაოდ კარგი დასაწყისი იყო - ილია ზუსტად იმიტომაა საუცხოო მოაზროვნე, რომ იმდროინდელი ქართული იდენტობა ასე ზუსტად, სხვა ფაქტორებზე დაუყრდნობლად ჩამოაყალიბა. ამ სამ სიტყვაში უკვე ნაგულისხმებია, რომ ქართული არ არის რუსული, მაგრამ თან აქცენტი ამას მთლიანად არ ეთმობა.

ილიას შემდეგ, ქართული იდენტობის დისკუსია თითქმის მთლიანად ფოკუსირებული იყო ქართულზე, როგორც არა-რუსულზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგი საწყისია, ის არ არის საკმარისი. "ქართული"  ვერ იქნება მხოლოდ "არა-რუსული". ეს მოცემულობა ძალიან შემზღუდველი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაფრის მომცემია. ის პროგრესის საშუალებას ზღუდავს. ქართული არის, პირველ რიგში, არა-რუსული მაშინ, როცა ვართ რუსეთის ბოროტი კალთის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ჩვენ თავს გავითავისუფლებთ ჩვენი კოლონიზატორის კლანჭებიდან, "არა-რუსული", ფაქტობრივად, უკვე აღარ გვაძლევს გაგრძელების საშუალებას. პარალელისთვის რომ ავიღოთ ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებიდან: ირლანდიური და ინდური ნაციონალური იდენტობა თავიდანვე "არა-ბრიტანულზე" ანუ "არა-კოლონიზატორულზე" იყო დაფუძნებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირლანდიელები და ინდოელები სხვანაირად რაიმეთი ერთნაირი ხალხია. მათი მთავარი კავშირი "არა-ბრიტანულობაა", მაგრამ თავის თავში, "არა-ბრიტანულობა" არ ნიშნავს არც "ირლანდიელობას" და არც "ინდოელობას". საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაჩნდა იდეოლოგიური ვაკუუმი. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მხოლოდ რაღაც ნაწილმა მოახერხა და თავიანთი "არა-რუსული" იდენტობა რამე უფრო თვითმყოფადში გარდაქმნა. რუსული, ასე ცალკე აღებული, შეიძლება არაფერი იყოს თავის თავში ცუდი. რუსული ლიტერატურა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა (თუ საუკეთესო არა). რუსული ენა - ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური. ძალიან მკრთალი ხაზი აცალკევებს ცუდ "რუსულს" კარგი "რუსულისგან" და ჩვენი მიზანია არ მივაკუთვნოთ კარგი "რუსული" ცუდ "რუსულს. ჩვენ იმიტომ ვართ, კაცმა არ იცის მერამდენე წელია, პირველ რიგში "არა-რუსები", რომ ვერ ვახერხებთ რაიმე უკეთესზე, უფრო ხელმოსაჭიდზე შეთანხმებას. ნეტავ, რა ფუნდამენტურ იდეებზე იქნებოდა "ქართველობა" დაფუძნებული, რომ არა რუსეთი? ევროპელობაზე? "ევროპელობა" უბრალოდ კლასიფიკაციაა იმ იდეების, რომელსაც ის დღეს აერთიანებს. 700 წლის წინ "ევროპელობა" სულ სხვა იდეებს აერთიანებდა, როგორც ილიასდროინდელი "ქართველობა" იყო მამული, ენა და სარწმუნოება. შეიძლება ქვეყანა არ იყოს ფიზიკურად ევროპის ნაწილი, მაგრამ აფასებდეს ევროპულ ღირებულებებს და ამიტომ იდეურად ბევრად ახლოს იდგეს მასთან. სამხრეთ კორეა, მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბევრად უფრო "ევროპული" ქვეყანაა ვიდრე თურქეთი ან სერბეთი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს, რაც დიდწილად ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარეობს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, "ქართველობა", რა თქმა უნდა, არის "არა-რუსობა". ეს, ჩემი აზრით, არის ჩვეულებრივი თანამედროვე პარადიგმა და ასე იყო ისტორიულად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეცადა ასე არ ყოფილიყო. მაგრამ, არ შეიძლება "არა-რუსობა" იყოს გრძელვადიანი "ქართველობა". არ შეიძლება "ქართველობა" მხოლოდ "არა-რუსობა იყოს". ნამდვილი ქართული იდენტობა ისეთი უნიკალური გამოცდილებებისგან და ღირებულებებისგან შედგება, როგორიცაა "სახინკლის ინციდენტი", უბრალოდ საჭიროა მათი ამოცნობა და მათთვის სახელების დარქმევა. ჩემი აზრით, მსგავსი გამოცდილებების და ღირებულებების დიდი ნაწილი შეიძლება ასევე ვიპოვოთ სხვა ქვეყნების "ქვეყნობებშიც", მაგრამ არა "რუსობაში". სახინკლის ინციდენტი რუსეთში ვერასდროს მოხდება. 

5

New Comment
4 comments, sorted by Click to highlight new comments since: Today at 4:29 AM

https://youtu.be/bqLiFISmcNQ "პოსტ-საბჭოთა საქართველო - საკუთარი ადგილის ძიებაში - გიორგი მაისურაძე"

ძაან კაი პოსტია. მარა რეალურად სად არის ეს "არა-რუსული" იდენტობა? არამგონია ჩვენი თაობა ამას განიცდიდეს საერთოდ, ყოველ შემთხვევაში მე, საკუთარი ეროვნული იდენტობის შეგრძნებას როდესაც ვაკვირდები, რუსეთთან ოპოზიციაში მას ვხედავ მხოლოდ პირდაპირ ომის ოპონენტის და ოკუპანტის კუთხით.

ცხადია, იდენტობა ყველაზე მეტად ყალიბდებდა და მყარდება ოპრესიის და ამგვარი "ჩაგვრის" პირობებში. ამას ეხება გიორგი მაისურაძე იმ ლექციაში. ჩემი რუსეთის გავლენისგან თავისუფლების წყურვილი ნამდვილად ხდება ჩემი ეროვნულ იდენტობის დიდი ნაწილი, და საერთოდაც, თავისუფლების წყურვილი ხდება ჩვენი იდენტობის დომინანტური ძალა. მაგრამ საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი ეროვნული იდენტობა კიდე რამით არის მიბმული რუსეთთან. ანუ, არის დამპყრობლისგან თავისუფლების ელემენტი, მაგრამ ეს აუცილებლად არ სვავს მთლიან ეროვნულ იდენტობას დამპყრობელთან ოპიზიციაში. ის ასტიმულირებს იდენტობის ფორმირებას, მაგრამ ეს ხომ აუცილებლად არ ნიშნავს, რომ შემდგომი იდენტობა მაინც და მაინც მიბმულია დამპყრობელზე?

ამის დაწერის მერე უფრო ასეთი კითხვა მიჩნდება: ვინ ვართ ქართველები, როდესაც არ არის ოკუპაცია, კორუფციული მთავრობა და ზოგადი კრიზისი? მე პირადად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი იდენტობა ბოლომდე ამეების ოპოზიციას ეფუძნება. ყოველ შემთხვევაში უფრო ახალ თაობაზე შეიძლება ამის თქმა, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა. ამის ანარეკლია კლუბური კულტურაც რა თქმა უნდა, თუ არა თვით სიმბოლო. სპეკულაციაა მაგრამ რუსეთს ვერ ვხედავ ამ სურათში - ანუ, ვხედავ როგორც ნეგატიურ entityს ჩვენს იდენტობაში, მაგრამ ვერ ვხედავ ვერანაირ პარალელურ ოპოზიციას რუსულ იდენტობასთან, მაგალითად. ჩემი აზრით, ახალგაზრდულმა იდენტობამ უკვე მეათე წრეზე გაასწრო რუსეთს. ამ იდენტობაში "პუწინ ხუილო" ერთერთი არც თუ ისე უმნიშვნელო ელემენტია, მაგრამ არც თუ ისე მნიშვნელოვანიც.

ისე ჩემი აზრით ქართულ კლუბურ და ზოგადად მუსიკალურ / არტისტულ სფეროს უკვე სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი თაობის იდენტობის ჩამოყალიბებაში. მე ნამდვილად შემიძლია ამის თქმა. საინტერესო იქნებოდა ამის გაანალიზება.

ზურა, მგონი გარკვეულ წილად ამბობ, რომ იდენტობის ფორმირებას ორი მხარე აქვს. ნეგატიური - მაგალითად, რუსეთის უარყოფა ილიას შემდეგ და პოზიტიური - შემდგარი მოვლენებით როგორიცაა სახინკლის ინციდენტი. ისტორიულ წყაროებს რომ შევხედოთ, საქართველოს, ქართულ ენას - ნამდვილ პოზიტიურ ფუძეს დავუდებთ წარსულში და ერთისმხრივ ეს “სტრახოვკას” გვაძლევს. სამაგიეროდ, ასეთი მიდგომით გამოვტოვებთ იმას რაც შეეხება საერთოდ - იდენტობას, ყოფას. დავფიქრდეთ ასე - ქვეყნები იყოფა, ენებიც. მამარდაშვილის აზრს მოვიპარავ და ვიტყვი, რომ არაფერი, გარდა ადამიანთა შრომისა, მცდელობისა რომ იყვნენ ერი, არ აქცევს მათ ერად. შენც მგონი დაახლოებით ეგეთ რამეს ამბობ. რომ ჩვენი ყოველდღიურობიდან და შრომიდან (აზრიდან) უნდა შევქმნათ იდენტობა (ეს ისტორიის ჩვენში "გაცოცხლებასაც" მოიცავს). მე ამასთან მინდა ხოლმე დავამატო, რომ ეს მცდელობა წარმატებული უნდა იყოს - თორე დიდხანს ერად ვერ დავრჩებით . 

ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ბრძოლაც ყოფიერებამ დაბადა.  ამ შემთხვევაში ეს ნეგაცია ძალიან ძლიერ პოზიტიურ ვალდებულებას გვაკისრებს - იმას ვისაც გვაკისრებს. თუ ბევრი იგრძნობს ამ ვალდებულებას, ჩვენთვის ამოუცნობი მიზეზების გამო; და თუ გაგვიმართლებს, შევძლებთ ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ ერი  - ისტორიაში. 


 

კი. აიაზია ბერლინის positive/negative liberty -ს თემაა დაახლოებით. "არა-რუსობა" არის ნეგატიური თავისუფლება/იდენტობა, რაღაცისგან თავისუფლება. "ქართველობა" უნდა იყოს პოზიტიური თავისუფლება/იდენტობა, რომელიც თავის თავში უკვე უნდა მოიცავდეს რაღაცეებს (მათ შორის, შეიძლება, "არა-რუსობასაც", მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი ცენტრი).