ბერლინი. 22 აპრილი, 2024.

ერთ წელზე ოდნავ მეტი გავიდა რაც, შარშანდელი მარტის აქციების ენერგიით დამუხტულმა, ვეცადე ჩემი აზრებისთვის სწრაფად და არეულად მომეყარა თავი. ძალიან რთულია ქვეყანაში საშვილიშვილო საქმეები ხდებოდეს და კაცი შენი ლეპტოპის ეკრანით კმაყოფილდებოდე. ბევრი რაღაც გიგროვდება, უბრალოდ. მაშინ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის იშვიათ შემთხვევაში, ქართველი ხალხის პირდაპირი ნება მისმა ხელისუფალმა ყურად მიიღო და მას დაემორჩილა. ხალხმა ვერ გაიგო, გამარჯვება ეზეიმებინა თუ არა, იმდენად სიახლის გემო ჰქონდა მას - იმდენად გაუგებრობის გემო ჰქონდა მას. "რა იქნება შემდეგ?" - იკითხეს ვიღაცეებმა. "2024-ს დაველოდოთ" - უპასუხეს სხვებმა. მოკლედ, ახლადგანცდილი გამარჯვებით დაღლილი ხალხი, გაოცებული საკუთარი შესაძლებლობებით და არა სხვა რომელიმე ფაქტორით, დაიშალა. პირადად მე ოდნავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა. ხალხის დაშლა, პრინციპში, არ გამკვირვებია, მაგრამ ჩემი მოზღვავებული, ეკრანზე დანთხეული ფიქრის და ემოციების კორიანტელი "სახინკლის ინციდენტში" ჩავიწერე.

რას ვიფიქრებდი, ზუსტად თუ ვიწინასწარმეტყველებდი იმ გარემოებას, რაც ერთი წლის თავზე შეიქმნებოდა?

შარშან მჯეროდა, რომ ეროვნული იდენტობის მხოლოდ "არა-რუსულად" ფორმულირება არასაკმარისი იყო. "ქართული" არის, რა თქმა უნდა, "არა-რუსული". ასე იყო ბოლო ორი ასეული წლის განმავლობაში. ასე იყო მანამდეც. ასე იქნება მომავალში. მაგრამ რა არის "ქართული" ამის გარდა? ამაზე პასუხად ილიას პასუხი - "მამული, ენა, სარწმუნოება" - მოვიშველიე. ვიფიქრე და ახლაც მსგავსად მიმაჩნია, რომ ილიას გენიოსობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მან ასე ზუსტად თქვა თუ რა იყო "ქართული" "არა-რუსულის" გარდა.  ეს ზედგამოჭრილი იყო ილიას საქართველოსთვის. "მამული, ენა, სარწმუნოება" ზუსტად ასახავდა ყველაფერს, რაც ილიასთვის იყო წმინდა. ზუსტი სისხარტით და ზუსტი თანმიმდევრობით. ილიას სიტყვები, ამ შემთხვევაში, აღვიქვი როგორც ზუსტი პასუხი ეროვნული იდენტობის შეკითხვაზე. რა იყო "ქართული"? რას ნიშნავდა "ქართველობა"? 

ამის შემდეგ სხვა რამეზე ფიქრიც მინდოდა, მაგრამ ილიას ეს სიტყვები სხვაგან წასვლის შესაძლებლობას არ მაძლევდა. ვცდილობდი თავი დამეხსნა მისი ასზე მეტწლიანი "განმარტებობიდან" და იმ სიმძლავრისგან რაც მსგავს ავტორიტეტს უნებურად დაჰყვება-ხოლმე. თან, ჩემი სიჯიუტისდა მიუხედავად, მეპოვა ახალი "მამული, ენა, სარწმუნოება", ყველაზე ცუდი გრძნობა ის იყო, რომ მე მაინც ბოლომდე ვეთანხმებოდი ილიას. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მქონდა ეჭვი რომ ილიასეულ ეროვნულ იდენტობის განმარტებაში ბევრად მეტი იმალებოდა. მისი გარდაქმნა ბევრად ისე შეიძლებოდა, რომ ყველა, მათ შორის ილიაც კი კმაყოფილები ყოფილიყვნენ და გაღიმებოდათ. გაღიმებოდათ ისე, როგორც "მამული, ენა, სარწმუნოება"-ზე ეღიმება ხოლმე ხალხს. მაგრამ რა?

რას ვიფიქრებდი თუ იგივე კითხვას, ერთი-ერთში იგივე კითხვას, საქართველო ზუსტად ერთ წელში თავისით დასვამდა?!  და, ამ დასმულ კითხვაზე რომ ისეთ პასუხს გასცემდა, როგორიც გასცა? რას ვიფიქრებდი, თუ საქართველო თავისითვე უპასუხებდა - "ენა, მამული, ერთობა!"?!

მიმდინარე პროცესებში ყველაზე მეტად ეროვნული იდენტობის ასეთმა ამბიციურმა ფორმულირებამ ჩამითრია. შარშანდელის მსგავსად ქართველი ხალხი პარლამენტის წინ "ქართულმა", როგორც "არა-რუსულმა" შეკრიბა. ეს არ მიკვირდა, რადგან, როგორც წეღან ვახსენე და როგორც ყოველთვის ვახსენებ, "ქართული" თავის თავშივე არის უკვე "არა-რუსული". ეს ისტორიის წიგნის პირველივე ფურცლის გადაფურცვლისთანავე აშკარაა. "არა-რუსულმა" ჩვენ გამოგვიყვანა საბჭოთა კავშირიდან და მოგვიყვანა აქამდე. ეს ხალხს გააზრებული აქვს. ამისდა მიუხედავად, ფაქტია, რომ "არა-რუსობამ" წელს ის პრაქტიკული შედეგი ვეღარ დადო, რაც შარშან. ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ყველა მათგანი ქართველი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქართველი, როგორც "არა-რუსი". 

ქართველ ხალხს მოუსვენრობა და სიზარმაცე ერთდროულად გვახასიათებს. გვეზარება და გვირჩევნია არც არაფერი გვქონდეს, რადგან ეგრე არც არაფერი გაფუჭდება, ხოლო თუ გაფუჭდება პრობლემას მყისიერად ვეძგერებით-ხოლმე და მოუსვენრად ვცდილობთ ბეჭებზე დავაგდოთ. შარშან ამან იმუშავა. წელს - ვერ. შარშანდელივით, ვიღაცეებმა ხელი ჩაიქნიეს და ქართველი ხალხი ის-ის იყო დაშლის აპირებდა, რომ ის წუმპედან ძალით ამოათრიეს. აი ასე, სიბნელის უფსკრულისკენ  მიმავალ 35 წლის საქართველოს ქოჩორში ხელი ჩაჰკიდეს და მოაბრუნეს.

ქართველმა ხალხმა ვერ გაიგო რა რეაქცია ჰქონოდა იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც ახალი თაობების დაორგანიზებული აქციების შემდეგ მოზღვავებულად იგრძნობოდა. "ოფიციალური აქციების" დაშლის, დარბევის, უკვალოდ აქეთ-იქით სიარულის, ბევრი კრიტიკის, "ნაციონალების", ელისაშვილის მარჯვენის, გაშავების, ათასგვარი პროპაგანდის და სპეცრაზმთან ჯაჯგურის მერე, "აქციების ლიდერებმა", პოლიტიკოსებმა, რომლებიც წესით სიმართლით და იდეებით უნდა უძღვებოდნენ ამ პროცესს, გააუქმეს "ოფიციალური აქციები" და ხალხს ძალების მოგვიანებით მოკრებვისკენ მოუწოდეს. ჰაერში გაქრა ქართველი ხალხის ნება. "შარშან გაგვიმართლა?" - იფიქრეს ვიღაცეებმა. "უეჭველი მიიღებენ, ხო გითხარი" გადაულაპარაკეს სხვებმა - საქმეებში უფრო ჩახედულებმა. ვისღა ახსოვდა "მამული, ენა, სარწმუნოება"? ვისღა ახსოვდა ეროვნული იდენტობა? ვისღას ახსოვდა ილია, როცა "ქართული", როგორც "არა-რუსული" ჩვენს წინ მარცხდებოდა?!

პასუხი ყველასგან მოულოდნელად დაიბადა. თითქოს, თავისით. პასუხი ჩვენს მთელ წუხილზე, ჩვენს მთელ წუწუნზე და მოთქმაზე: "ენა, მამული, ერთობა". ჩავარდნილი აქციების შემდეგ ესტაფეტა სწორედ მათ გადაიბარეს, ვისაც უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ რეალურად დღეს ეს ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. ვინც გააცნობიერა, რომ "სოფელი მსგავსი ტრივიალური იდენტობის მანიფესტაციებით, როგორიც არის სახინკლის ინციდენტი, უბრალოდ, ვერ აშენდება". 

"ენა, მამული, ერთობა" ეს არის მათი გააზრებული და კარგად აწონ-დაწონილი დევიზი, ვინც ზუსტად აცნობიერებს, რომ თუ თავს ძალა არ დაატანე და შენი გულწრფელი, პლაკატებზე დაწერილი გრძნობები ხალხს თვალებზე არ აუფრიალე, გაქრება ყველანაირი ნასახი ეროვნებისაც და მისი იდენტობის გამომჟღავნებისაც. ილიაც სწორედ იმ ხალხს გაახსენდა, ვინც გაიაზრა, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი დღეს იმ ვიწრო ხიდზე გადის, რასაც ეროვნული იდენტობის ძიება, მასზე კამათი და მისი პოვნა ეწოდება.

 საბოლოოდ, ამ ვიწრო ხიდზე გაყვანის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქართველმა ახალგაზრდებმა აიღეს - დამოუკიდებელ, თავისუფალ, მრავალჭირნახულ საქართველოში დაბადებულებმა და დამოუკიდებელ, თავისუფალ, მრავალჭირნახულ საქართველოში ცხოვრებისგან დაუფლებული ყოვლისმომცველი სიდიადის გამმაზრებლებმა.

მათ იციან, რომ ილიასთან ჭიდილს, მისი ბუმბერაზი სიტყვების შეცვლას ამპარტავნობაში, თავხედობაში და სირცხვილში ჩამოართმევენ. მაგრამ ისინი ხომ თავს უკვე თავად გრძნობენ ამპარტავნად და თავხედად, როცა ილიას სიტყვების შეცვლით უწევთ ამ იდეის ჩვენამდე მოტანა? მათ ხომ იციან, თუ რა სიმძიმეს ატარებს ქართველი ერისთვის "მამული, ენა, სარწმუნოება"? არ არის მარტივი ილია ჭავჭავაძეს, საქართველოს უგვირგვინო მეფეს, რამე ჩაუსწორო. ღმერთო, რა რთულია, მაგრამ ამავდროულად რა საჭიროა, გიწევდეს საქართველოს უთხრა -  "ენა, მამული, ერთობა!" თუ არა ერთობა, მაშ რა სჭირდება საქართველოს? ერთობის გარეშე სოფელი როგორ აშენდება? 

ქართველმა ხალხმა, აქციებისგან დაღლილმა, დაქანცულმა, იმედგადაწურულმა და ზარმაცმა, არ იცოდა რა პასუხი გაეცა ამ ყველაფრისთვის. ყველამ იცოდა, თუ რამდენად ამბიციური იდეა იყო ილიას იმ სიტყვების "გათანამედროვება". "მამული, ენა, სარწმუნოება" მედგრადაა თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი. ასეც უნდა იყოს. ისეთი რაღაცაა, თითქოს ყოველთვის იცი და არასდროს სწავლობ. ყოველთვის იცი ილიას წმინდა ტრიადა - ილიასეული ეროვნული იდენტობის განმარტება. და რა მაგარი განმარტებაა?! რა ზუსტია?! რა კარგად ასახავს საქართველოს ისტორიულ იდენტობას? ვის აქვს უფლება მასში რაიმე ცვლილება შეიტანოს? სარწმუნოებას რად ერჩიან? ეს ყველაფერი ძალიან ვალიდური კრიტიკაა.

"ენა, მამული, ერთობა" მხოლოდ იმიტომ კი არ არის მაგარი დევიზი რომ "ერთობა" თავის თავშივე მოისაზრებს "სარწმუნოებას" და ქართული ეროვნული იდენტობის მესამე პუნქტად სწორედ ასე გვევლინება. ეს გააზრებული ნაბიჯია ამ დევიზის ავტორებისგან და არ უარყოფს მართლმადიდებლური რელიგიის და ქართული ეკლესიის მნიშვნელობას რაც "სარწმუნოებაში" არის ნაგულისხმევი. ვისაც ჰგონია, რომ შეკრებილი ახალგაზრდები საქართველოს კოლექტიურ, ეროვნულ მეხსიერებაში და ისტორიაში ქართული ეკლესიის როლს უარყოფენ, ძალიანაც ცდება. იმ ფაქტს აღარ ვახსენებ, რომ ილიას ამ ფრაზას თავად ილიამვე გაუკეთა შესწორება თავის ტექსტებში და იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზე გადაიტანა ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კოლექტიურ მეხსიერებაში ისე ღრმად ჩაბეჭდილი არაა, როგორც "მამული, ენა, სარწმუნოება." ირონიულად, ილიას ეს სიტყვებიც ზოგადად ალბათ უფრო რიტორიკული ეფექტის მოხდენას ემსახურებოდა და მასში ისეთი კონკრეტული პოლიტიკური მესიჯი, როგორიც წლევანდელი აქციების მერე დაიბადა, ნაგულისხმევი არ ყოფილა. 

მთავარი განსხვავებაც ახალგაზრდა მოაზროვნეების სწორედაც რომ ესაა - მათ გააზრებულად ეცადეს შეექმნათ ისეთი დევიზი, რაც დღევანდელობასაც მოერგებოდა და ილიასდროინდელ ქართული ეროვნული იდენტობის ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი იქნებოდა. სიტყვებით "ენა, მამული, ერთობა", ქართველი ხალხი იძულებული გახდა ეროვნულ იდენტობაზე დაფიქრებულიყო. 

"ენა, მამული, ერთობა" ზუსტად იმიტომაა უმნიშვნელოვანესი და უზუსტესი, რომ კარგად ასახავს ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში არსებულ კონკრეტულ გამოცდილებებს და მასში მთავარ თვისებად თავად ერთიანობის ცნებას მოისაზრებს. ამ დევიზის უშუალო მნიშვნელობასთან ერთად, "ენა, მამული, ერთობა" იმიტომაა თავის თავში კარგი, რომ ჩვენ გვახსოვს ილია და ვიაზრებთ მის სიტყვებს. ჩვენ გვესმის ის თავხედობა რაც მისი სიტყვების ცვლილებას მოყვება, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ, რადგან გვესმის იმ გარემოების საჭიროებების, სადაც ვიმყოფებით. გვესმის, რომ ეროვნული იდენტობა გვაქვს საპოვნელი, რომ "არა-რუსული" არ არის საკმარისად "ქართული" და ვიაზრებთ, რომ ეს პროცესი იქნება რთული, გრძელი და უთანხმოებით სავსე. ყველანაირი კრიტიკის მიუხედავად, დახმარების, იდეის ხელს ვაწვდით საქართველოს, სადაც არავის ეცალა არც ილიასთვის, არც ეროვნული იდენტობისთვის და არც მისი სხვაგვარი მანიფესტაციისთვის. "ერთობა" სწორედ ამას მიუთითებს. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი ბრძოლა იმ ყველაფრისთვის ბრძოლაა რისიც გვჯერა; და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობით შეიძლება რაიმეს მივაღწიოთ. ამას ვთავაზობთ ქართველ ხალხს - დაღლილს, კრიტიკულს, ნერვებმოშლილს, გაბრაზებულს და გაოცებულს, რადგან ჩვენ თვითონაც ვართ დაღლილები, კრიტიკულები, ნერვებმოშლილები, გაბრაზებულები და გაოცებულები. იქნებ, ერთობაშია გამოსავალი? იქნებ, გამოსავალი წყენების, სიზარმაცის, დავის და ჩხუბის გვერდით გადადებაშია? 

"ენა, მამული, ერთობა" კარგი დევიზია, რადგან თანამედროვე დევიზია, რადგან გააზრებული დევიზია, რადგან მართალი დევიზია, რადგან საფიქრალი დევიზია. ის არ არის საბოლოო პასუხი კითხვაზე თუ რა არის ქართული ეროვნული იდენტობა. ის სიახლეა ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაში და ამიტომაცაა ზოგისთვის საშიში. სიახლე იმიტომ კიარაა, რომ ქართველობა სარწმუნოება აღარაა და ენა მამულზე წინ დააყენა ქართველმა ახალგაზრდობამ. არა. "ენა, მამული, ერთობა" უნიკალურად მოკრძალებულად და, ამავდროულად, თავხედურად, მოგვიწოდებს დაფიქრებისკენ. ის გვიბიძგებს ქმედებისკენ, საუბრისკენ და ჩვენი ღირებულებების აწონ-დაწონვისკენ. უკვე ის ფაქტი, რომ დღევანდელობაში ეროვნული იდენტობის განმარტებაზე დავას ვიწყებთ, თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ამ თემაზე დისკუსია ყველა ერისთვის საჭიროა. ხალხის რეაქციაც ბუნებრივია. ყველაფერი კი მხოლოდ ძველი გამოცდილებების გადააზრებით, ძველი ნაფიქრის გაგებით და გავრცელებით, ძველი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანით და, ერთი სიტყვით, "ერთობით" მიიღწევა. 

5

New Comment