ამორალური ფამილიზმი - საზოგადოებრივი ქმედება რომელიც პრინციპულად და გააზრებულად მიმართულია ნუკლეური ოჯახის ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.

ამორალური ფამილიზმი პირველად ამერიკელმა პოლიტმეცნიერმა ედუარდ ბანფილდმა თავის წიგნში " The Moral Basis of a Backward Society" აღწერა 1958 წელს. ბანფილდი წიგნში სამხრეთ იტალიის ერთ-ერთი სოფლის, მონტეგრანოს (მოგონილი სახელია, ნამდვილი სოფლის - კიარომონტეს - არგამოსააშკარავებლად) ყოველდღიურ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას აღწერს და ცდილობს ახსნას, თუ რითია გამოწვეული მონტეგრანოს მაცხოვრებლების უმეცრება, for the lack of a better world. მონტეგრანოელები ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მოკავშირეების მიერ დამარცხებული ფაშიზმის ადგილას "დაარსებულ" დემოკრატიულ საზოგადოებაში. მაგრამ, ბანფილდის დაკვირვებით, მონტეგრანოს საზოგადოება საერთოდაც არ ასახავს დემოკრატიულ სულისკვეთებას და იდეას. პირიქით, ნეპოტისტური, ეგო- და ფამილია-ცენტრული გადაწყვეტილებებით, მონტეგრანოელები სწირავენ საჯარო კეთილდღეობას, რაც დემოკრატიული პროცესის სწორად წარმართვის აუცილებლობა და თან ლოგიკური შედეგია. საბოლოოდ, ეს გარდაიქმნება არადემოკრატიული, უკუღმართი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელსაც ამორალური ფამილიზმი ქვეცნობიერში აქვს გამჯდარი და რომელიც ყველაზე მაღლა კლანურ და ოჯახურ სარგებელს აყენებს, რითიც მდგრადი პროგრესი შეუძლებელია.

მაგალითად, მონტეგრანოელები დადიან არჩევნებზე, მაგრამ ხმას აძლევენ არა იმ კანდიდატს, ვინც, მათი აზრით, საუკეთესო შედეგს მოუტანს თავიანთ სოფელს, არამედ იმას, ვინც მოკლე ვადაში პირადად მათ და მათ ოჯახს ეკონომიკურად წაადგება. მონტეგრანოელები თვალს ხუჭავენ კორუფციაზე, მიუხედავად იმისა, რომ იციან მისი არსებობის შესახებ და აღიარებენ, რომ თვითონაც მონაწილეობენ მასში. ისინი არ ენდობიან საკუთარ თანასოფლელ და, მითუმეტეს, ქალაქელ საჯარო პირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა მათგანი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის ცდილობს პოლიტიკაში მოსვლას. მათ არ აქვთ იმედი, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან, მათი აზრით, საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რეალურად, არავის აინტერესებს. ისინი მზად არიან ჩაიდინონ მცირედი დანაშაული, თუ წინასწარ იციან, რომ მათი დასჯის ეფექტური მექანიზმი არ იარსებებს. მათ საზოგადოებაში არ არიან ლიდერები და მიმდევრები და არავინ იღებს საკუთარ თავზე ინიციატივას იმისთვის, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არის საბოლოოდ კმაყოფილი საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით. ბოლოს, მონტეგრანოს საზოგადოებაში არ არსებობს ლოიალურობა და ნდობა არავისადმი და არაფრისადმი. მონტეგრანოელებს აქვთ მხოლოდ ერთი იდეოლოგია, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული. მათ იციან ამის შესახებ, მაგრამ ეს არ აწუხებთ. 

ასეთ საზოგადოებას ბანფილდი უკუღმართს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ბანფილდი ამ "კვლევის" შემდეგ ბევრჯერ იქნა გაკრიტიკებული, პოლიტიკურ მეცნიერებაში და სოციოლოგიაში მისი წიგნი ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომად ითვლება, რადგან ის ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოება. მოტეგრანოელების ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ისინი გააზრებულად არიან ამორალური ფამილისტები. ეს შეიძლება ოქსიმორონად ჟღერდეს: თუ ამორალური ფამილიზმი ცუდია და მისი საწანიააღმდეგო მორალურობა კარგი, მაშინ მონტეგრანოელებს ნამდვილად "გააზრებული" არ ექნებათ თავიანი სიტუაციის უკუღმართობა. თუმცა, მათი გააზრებული უკუღმართობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არასდროს არიან კმაყოფილები თავიანთი სიტუაციით. მონტეგრანოელი არ არის ბედნიერი და მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ასევე არაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად, რადგან ის ამორალური ფამილიზმის მომაკვდავ ციკლში უკვე აქტიურად ჩართულია. 

ამორალური ფამილიზმი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის მონტეგრანოს უკუღმართობას, როგორც ამას თავად ავტორიც აღნიშნავს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომ გადავწყვიტე სწორედ ამ თემაზე დამეწერა ჩემი პირველი პოსტი. ქართული საზოგადოებაც, რაღაც მხრივ, არის ამორალური ფამილისტების საზოგადოება. ქართველ ხალხს აქვს ის სიმპტომები რაც აქვს მოტეგრანოელ ხალხს. ზუსტად რამ გამოიწვია ეს შედარებით უფრო რთული საკითხია. ჩემი აზრით, რაღაც დონეზე, ქართული ამორალური ფამილიზმი საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია, რომელიც ქართული საზოგადოებრივი კულტურის და პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა. ყველაზე მეტად ამორალურ ფამილისტური განცდები შემორჩა სწორედ იმ ხალხს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა 70+ წლიანი მონური სისტემა და ის საგიჟეთი, რაც პოსტ-საბჭოთა საქართველომ გამოიარა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება იმ მანკიერი, წრიული ჯაჭვისგან თავის დაღწევა, რომელსაც ამორალური ფამილიზმი ქვია?

ეს ბანფილდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტიკაა - მისი ჰიპოთეზა ამორალურ ფამილიზმზე თითქოს კარგად აღწერს პრობლემას, მაგრამ ასევე არ გვთავაზობს მისი გადაჭრის გზებს. უკვე საკმაოდ დიდი პოსტი გამომდის, ამიტომ ერთ რაღაცასაც ვახსენებ, როგორც პოტენციურ დასკვნას (თუმცა ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, როგორც თეორიული, ისე უფრო ემპირიული და პრაქტიკული გადაჭრის გზების შემოთავაზებებით).

არსებობს სერიოზული ჰიპოთეზა (ან კონსპირაციული თეორია, თუ გნებავთ), რომ ევროპული განმანათლებლობის (Enlightenment) ეპოქა ევროპაში ყავის გამოჩენას უკავშირდება. ასე, მაგალითად, შუა საუკუნეების მანძილზე, როცა ევროპა ყველაზე დიდი რაოდენობით სვამდა ალკოლოჰოლურ სასმელს და ბინძურ, ბაქტერიებით გაჟღენთილ წყალს (რადგან უბრალოდ არ იცოდნენ, რომ წყალში ბაქტერიები იყო), ევროპული აზროვნება ვერ იყო მთლად ჯანსაღი და პროგრესული. არ არსებობდა სამეცნიერო მეთოდი, არ არსებობდა ინტერესი ფიზიკურის და მეტაფიზიკურის მიმართ. ევროპული საზოგადოება იყო უფრო პრიმიტიული და ნაკლებად კრეატიული. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, რაც რენესანსის პიკის დროს მოხდა, ეს სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა. რატომღაც, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ევროპულ აზროვნებაში სიახლეების გაჩენა, რომელთა საბოლოო მანიფესტაციაც იყო ის ინტელექტუალური მოძრაობა, რომელმაც მაშინდელი მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დააყენა. თეორიის მიხედვით, ევროპელების ინტელექტუალური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროპაში ყავის (და, შემდგომ, ჩაის) შემოტანა გახდა. ყავის გაკეთების დროს ევროპელ ხალხს უწევდა წყლის ადუღება, რაც წყლის ბაქტერიებს ანადგურებდა. ამას დაემატა კოფეინის სხვა ეფექტები, მაგალითად ფოკუსის გაზრდა. ჯამში მივიღეთ ის, რომ ყავა გადაიქცა ევროპული საზოგადოების შეუცვლელ სასმელად და, დროთა განმავლობაში, გამოიწვია ტვინის უკეთესი აქტივობა, მანამდე უცნობი ბაქტერიებისგან სიკვდილიანობის შემცირება და სხვა დადებითი ეფექტები.

ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ანალოგია იმისთვის მოვიყვანე, რომ ამორალური ფამილიზმის გადაჭრის გზა შემომეთავაზებინა. უკუღმართ საზოგადოებაში (პრე-Enlightenment, ალკოჰოლზე დამოკიდებულ, ამორალურ ფამილისტურ, პრიმიტიულ საზოგადოებაში) უნდა გაჩნდეს რაღაც (ყავა, სოციოლოგიაში სოციალური კაპიტალი), რაც გამოიწვევს გიჟური ციკლიდან თავის დაღწევის რეალურ გზას. ამ ფორუმის ერთ-ერთი მუღამიც სწორედ ეგაა - გიჟური, თითქოს არაფრისმომცემი ციკლიდან თავის დაღწევის მცდელობა, რომელიც, იმედია, წარმატებით დასრულდება. რაღაც პონტში მიტყდება ამის დაწერა რო მიწევს, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს (ყოველშემთხვევაში ჩემი ოცწლიანი ცხოვრების მანძილზე), ქართულ საზოგადოებას ყავის დალევა სჭირდება. ეს ყველაფერი ორმაგად სიმბოლურია, რადგან დღეს 9 აპრილია - ის ისტორიული დღე 1989 წელს, როცა სრულიად საქართველომ მასიურად გადაწყვიტა ყავის დალევა.

8

New Comment
3 comments, sorted by Click to highlight new comments since: Today at 6:24 AM

საინტერესო პოსტი იყო, სავსებით აქტუალური საკითხი წარადგინე ახლა ჩვენთვის, ბედისწერის გასაყრის წინაშე მდგომი ხალხისათვის (განსაკუთრებით ასაკის და სოციო-პოლიტიკურ პოზიციის ფორმაციის მხრივ).

წინასწარ გაგაფრთხილებთ, ჩემი ნაწერი არ იქნება ემპირიული და უფრო stream of consciousness ის ტიპი იქნება.

ერთმხრივ, მარტივად შეიძლება პოტენციური ყავის შემოთავაზება და მისი აქტიურად ადუღება და მოხმარება. იმასაც დავამატებ, რომ რა ყავასაც მე შემოგთავაზებთ იქნება შაქრის გარეშე და მას ექნება მჟავე და მწარე გემო —როგორც, ბევრ ხარისხიან ყავას. ეს ყავა ყველა მკითხველისთვის ფამილიალურია. განათლების სისტემის სრული გარდაქმნა. რადგან ამის გაკეთება მოისაზრებს სრულ პოლიტიკურ რევოლუციას, თავდაპირველად, ინდივიდუალურ დონეზე უნდა მოხდეს რეაგირება. ყველა ინდივიდი, ვინც გარკვეულ წილად თვლის, რომ მას გააჩნია, მეტ-ნაკლებად კარგი მორალური კომპასი, რომელსაც თან დაყვება გამოცდილებითი და “თეორიული” განათლება, ყველა ასეთმა ადამიანმა ხელში მესიის მახვილი უნდა დაიჭიროს. უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მოძრაობებუ. რამოდენიმე თვის წინ, გიჟივით დავეძებდი ლიტერატურულ წრეებს და აღშფოთებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ არ გვაქვს ასეთი ჯგუფი თბილისში. ვფიქრობ, რომ ასეთი წრეები უაღესად აფართოებს ადამიანის ხედვას. გაზიარება და გააზრება… (ბევრს არ დავწერ ამ საკითხზე რადგან მგონია, რომ საკამოდ self-evident არის). Book club ერთ-ერთი მაგალითია ამის, კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება რაც ადამიანებს მორალურ კომპასს ჩამოუყალიბებს და მათი თემის აღქმას გააფართოვებს, ოჯახის და მეგობრების მიღმა, შეიძლება ერის და საბოლოოდ ადამიანობის დონემდეც. ორ დიდ პრობლემას ვხედავ ამ ქმედების განხორციელებამდე.

პირველი, ამის გაკეთება მოიცავს თვით-განწირვას გარკვეულ დონეზე. რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში აქტირუად მოითხოვდა თავის შვილებისაგან თვითგანწირვას, რადგან მას ეცოცხლა, მგონია, რომ ეს დილემა ყველა თავენგანისათვის საკმაოდ ცნობილია. მე და დასავლეთში უკეთესი ცხოვრება თუ საქართველო და მისი გამოსწორების მცდელობა.

მეორე პრობლემა კი ბევრად უფრი ღრმაა ვიდრე პირველი. ვისაც მესიის მახვილის აღმართვის ძალა აქვს, ასევე გააჩნია ერთი უდიდესი სისუსტე, და ეს არის რადიკალური სუბიექტივიზმი რომელიც გამოიხატება როგორც მორალური რელატივიზმი. შესაძლოა ამ ტერმინის პოზიტიურად გაგება, იმ მხრივ, რომ ადამიანის მორალური კოდექსი დაფუძნებულია გაგებაზე, რაც დაფუძნებულია კონკრეტულ კულტურულ, სოციალურ და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე. ეს პოზიტიური ფიქრი მიდის თანაგრძნობამდე და იმის გაანალიზებამდე, რომ ვისაც შენი სიმართლე არ აქვს არ არის მტყუანი. უარყოფით ასპექტს მე ვხედავ პირად გამოცდილებაში. ინტერნეტმა და ზოგადად გლობალიზაციამ, ნაადრევი ასაკიდან, მე მორალური რელატივიზმი ერთ-ერთ ინტელექტუალურ ნიადაგად მიქცია. სანამ ზემოთხსენებული “პოზიტიური” ასპექტს განვიცდიდი, მე ნიჰილიზმი და სოლიფსისმი განვიცადე, რამაც ერთგვარად დამიმახინჯა ადამიანის აღქმა თემის პერსპექტივაში. ასეთი განვითარების შემდეგ საკმაოდ უცნაურ პოზიციაში ვიმყოფები (პერსონალური გახდა ჩემი ნარატივა, მაგრამ იმ მიზეზით დავტოვებ ამას, რომ იქნებ ვინმე გამოჩნდეთ ვინც იზიარებთ ამ გამოცდილებას). ჩემი თავის ინტერესები ჩამომიყალიბდა, ვზრუნავ თავზე, მაგრამ მიჭირს მაშტაბის გაზრდა. ოჯახის და მეგობრების მიმართ თავისთავად არის ზრუნვა, მაგრამ ეს ერთგვარ ინსტინქტად მიმაჩნია, საბოლოოდ გახიზნვის გარდა ცოტა რამ მსურს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ ვინც ამ დასკვნამდე მივიდა, განსხვავებული გზებით. ამ პრობლემის გამოსავალი შესაძლოა მის საწყისში არის. იქნებ, მესიების მიერ წარმოქმნილ ღონისძიებების მერე, ადამიანმა საერთოდაც არ განიცადოს იმ დოზის ნიჰილიზმი და სოლიფსიზმი რაც მარტოხელა ფიქრში ჩავარდნილმა მოზარდმა განიცადა. ეს ფორუმი კი ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა და ამიტომაც ვაფასებ მე მას და მის შემქმნელს უაღეესად.

ასევე, თბილისში ვინც იმყოფებით და გესიამოვნებიდათ ლიტერატურული წრის შექმნა, შემეხმიანეთ. იყო ამის მცდელობა ზაფხულში და არ გამოვიდა, ჩემი აზრით ლოჯისტიკური საკითხების გამო, ახლა კი მგონია რომ, გამოვა თუ წრე უფრო გაფართოვდა. საერთოდ შესაძლოა, აქაც მოხდეს ეს, თუ უკვე ხდება ეს?! :D <3

მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ლონგთერმ ხსნა განათლების სისტემის ცვლილებაშია. დღევანდელი სისტემა მოძველებულია და არ არის ბავშვებზე და სტუდენტებზე მორგებული. მაქვს პირადად მე კონკრეტული რაღაცეები რასაც შევცვლიდი, ბევრჯერ მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ ამის განხორციელება არ მოხდება ასეთი პოლიტიკური წესრიგის პირობებში, იმიტომ რომ ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს და ეგრევე დასანახ შედეგს ვერ მოიტანს. გრძელვადიან ცვლილებებს ამიტომ არ იღებს ის ხალხი ვინც დღეს ძალაუფლებაშია - ამორალური ფამილისტები არიან, კიდიათ, მათ შემდეგ რა იქნება. პანდემიის დროს 200-200 ლარის უცებ დარიგება 18-წლამდელებისთვის ეგრევე ეფექტურია, განათლების სისტემის რეფორმას და სხვა ცვლილებებს კი დიდი დრო სჭირდება. სხვათა შორის, კომუნისტების იშვიათად კარგი გადაწყვეტილება, თავის დროზე, იყო თბილისში მეტროს გაყვანა. ეგეც ზუსტად იმიტომ, ქნეს, რომ იცოდნენ, თავისთვის აკეთებდნენ და წლების შემდეგ, როცა მეტრო დასრულდებოდა, თვითონ დარჩებოდათ ისევ.

ბუქ ქლაბს რაც შეეხება, ზოგადად მსგავსი ინტელექტუალური/გასართობი/საზოგადოებრივი ადგილების შექმნა არის წინაპირობა პროგრესისთვის, ჩემი აზრით. სოციალური კაპიტალი რასაც ქვია, მსგავსი ქომიუნითი აქტივობებით ხდება მაგის დაგროვება, რაც შემდეგ საზოგადოების ზრდას და პროგრესს იწვევს. ონლაინ დისკურსი იდეაში კარგია, მაგრამ კარგი იდეები ხშირად იკარგება ბოტების, რეკლამების და სხვა სოციალური მედიის პრობლემებში. ეს ფორუმიც, ჩემი აზრით, იმ იდეას ემსახურება, რო ჩვეულებრივი დისკურსის გაფილტვრა მოხდეს და ხარისხის გაზრდა. Quality over quantity -ს თემაა. 

ზურა, ძაან მაგარი პოსტისთვის მადლობა. ზუსტად ასეთი პოსტებისთვის მინდოდა ეს ფორუმი - ყველასთვის ფამილიარული ფენომენებისთვის სახელის დარქმევა და გაგება

ლევან ბერძენიშვილის, გიორგი მაისურაძის და სხვა ტიპების ლექციებში არაერთხელ გამიგია დაახლოებით ასეთი შინაარსის სიტყვები- რომ თუ შენი ოჯახი არ იყო ჩართული კორუფციულ საქციელში, ანუ არ "ჩალიჩობდა," ამას საზოგადოება "არასწორად" მიიჩნევდა. ჯინსიც ამის სიმბოლო იყო, თუ გაცვია ანუ შენი ოჯახი კორუფციულია და "ჩალიჩობს," ასეთი იყო სტანდარტული სოციალური წყობა. ხოდა აღარ გვინდა ჯინსები :)) შევეცდები ვიპოვო სად მოვისმინე ეს ყოველივე